საერთაშორისო კრედიტ მობილობა

საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. გაცვლითი პროგრამები ხორციელდება საქართველოს და ევროპის (პროგრამის ქვეყნების) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების ფარგლებში. ანუ თუ თქვენი უნივერსიტეტი, რომელშიც ეხლა საქართველოში სწავლობთ, არაა ჩართული Erasmus+  ICM პროგრამაში, თქვენ ინდივიდუალურ დონეზე ამ პროგრამის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.

ძირითადი მახასიათებლებია:

  • მობილობის შესაძლებლობა ყველა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა);
  • მობილობა ყველა მიმართულებაზე;
  • სტუდენტებისათვის: 3 დან 12 თვემდე;
  • აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის: 5 დღიდან 2 თვემდე;
  • მობილობის მიმართულებები და რაოდენობები დამოკიდებულია უნივერსიტეტებს შორის არსებულ შეთანხმებაზე;
  • ყველა სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს 12 თვემდე სასწავლო მობილობით თითო სასწავლო საფეხურზე;

მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურებადია სწავლისა და მგზავრობის (საქართველო - პროგრამის ქვეყანა - საქართველო) ხარჯები. სტუდენტებს ასევე გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 800-900 ევრომდე (ევროპული (პროგრამის) ქვეყნის სიძვირის მიხედვით ). ხოლო საქართველოში ჩამომსვლელი სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს 700 ევროს თვეში.

 

* Erasmus+ პროგრამა მონაწილე ქვეყნებს ჰყოფს ორ ჯგუფად: პროგრამის ქვეყნები (28 ევროკავშირის წევრი ქვეყანა + თურქეთი, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მაკედონია და სერბეთი) და პარტნიორი ქვეყნები (დანარჩენი მსოფლიო მათ შორის საქართველო)

კრედიტ მობილობის პროგრამაში ჩასართავად, აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე დაინტერესებულმა პირმა უნდა:

  • მიმართოს საკუთარი უნივერსიტეტის სართაშორისო ურთიერთობების განყოფილებას;
  • გაარკვიოს ხორციელდება თუ არა Erasmus+ ის გაცვლითი (ICM) პროექტები მის უნივერსიტეტში;
  • მოიძიოს ინფორმაცია შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე;
  • შეავსოს შიდა საუნივერსიტეტო აპლიკაცია;
  • გაიაროს შიდა საუნივერსიტეტო შერჩევა;

პროცედურები იგივეა ადმინისტრაციული / აკადემიური პერსონალისათვის;

გაეცანით Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამაში მონაწილე ქართული უნივერსიტეტების და მათი ევროპელი პარტნიორების არასრულ სიას (2018 -2019) რომელიც მუდმივად განახლებადია.

Erasmus+ ეროვნული ოფისი არ ატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც გაცვლით პროგრამებში სურთ მონაწილეობის მიღება. გაითვალისწინეთ, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან, შესაბამისად დეტალური ინფორმაციისთვის მიაკითხეთ საკუთარ უნივერსიტეტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.

 


 

ზოგადი ინფორმაცია საქართველოში საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტების თაობაზე

ICM პროგრამები საქართველოში არსებული 54 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 33-ში ხორციელდება და სრულად ფარავს ქვეყნის ყველა საუნივერსიტეტო რეგიონს (თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და აჭარა). ბოლო წლების მანძილზე საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს პოზიციას წარმატებული ქვეყნების პირველ ათეულში. ხოლო 2018 წელს პირველად საქართველომ 141 მონაწილე ქვეყანას შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. 

ERASMUS+ ICM Scholarships 2018

# Country Scholarships Outgooing to Europe 

Incoming from Europe

1 Russia 4 418 2 505 1 913
2 Ukraine 3 106 1 988 1 028
3 Serbia 3 056 1 851  1 205
4 Israel 2 738 1 486 1 252
5 Albania 1 953 1 225 728
6 Georgia 1 808 1 109 699
7 Bosnia & Herzegovina 1 751 1 089 662
8 Morocco 1 486 896 590
9 Egypt 1 296 854 442
10 Jordan 1 181 711 470
ამ ეტაპზე ქართული უმაღლესები აქტიურად თანამშრომლობენ 241 ევროპულ უნივერსიტეტთან. მათ შორის ყველაზე წარმატებული პარტნიორობა ხორციელდება შემდეგ ქვეყნებთან: გერმანია, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე იზრდება არა მხოლოდ საქართველოდან წამსვლელი სტუდენტებისა და პერსონალის, არამედ საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობა. შესაბამისად საქართველო სულ უფრო მეტად მიმზიდველი ქვეყანა ხდება ევროპული აკადემიური საზოგადოებისათვის.
საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდნტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს მიიღონ ევროპული განათლება და გამოცდილება. მობილობა ეს არის შესაძლებლობა გაიფართოვო თვალსაწიერი და ეზიარო ევროპულ განთლებას, კულტურასა და ღირებულებებს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე მოქალქისა და მომავალზე ორიენტირებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის.

პრეზენტაცია ICM პროექტებში უსდ-ების ჩართვის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები - FAQ

რა პერიოდით შეუძლია სტუდენტს სასწავლო მობილობით სარგებლობა ?

- სტუდენტს შეუძლია სასწავლებლად წასვლა 3 – 12 თვის ვადით (სტაჟირების ვადის ჩათვლით თუ ეს გათვალისწინებულია/დაგეგმილია წინასწარ). თითოეულ სტუდენტს აქვს საშუალება მიიღოს გრანტი სასწავლო მიზნებისთვის საერთო ჯამში 12 თვის ვადით (თითოეულ საფეხურზე):

  • უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლის პერიოდში (ბაკალავრიატი ან მასთან გათანაბრებული), ასევე მოკლე ციკლის განმავლობაში (EQF 5 და 6 დონეზე) - პირველი კურსის დასრულების შემდგომ და მეოთხე კურსის ბოლო სემესტრამდე;
  • უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლის პერიოდში (მაგისტრატურა ან მასთან გათანაბრებული – EQF 7 დონე) - მეორე კურსის ბოლო სემესტრამდე;
  • უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე სწავლის პერიოდში დოქტორანტის სახით (EQF დონე 8) - სასწავლო პროგრამის ბოლო სემესტრამდე;

აუცილებელი პირობები

სტუდენტი უნდა იყოს დარეგისტრირებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და უნდა იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, რომელიც საბოლოოდ მიანიჭებს მას აღიარებულ აკადემიურ ხარისხს ან სხვა უმაღლესი დონის კვალიფიკაციას (დოქტორანტის ხარიხის ჩათვლით).

მობილობა ხორციელდება უნივერსიტეტთაშორისი ხელშეკრულების (ე.წ. Learning agreement) საფუძველზე არსებული ჩარჩოს ფარგლებში, რომელშიც ჩართულნი არიან გამგზავნი და მიმღები უნივერსიტეტები.

როგორია წინასწარი სამზადისი ?

გამგზავრების წინ მობილურ სტუდენტს უნდა გადაეცეს:

  • საგრანტო ხელშეკრულება, გათვლილი მობილობის სრულ პერიოდზე, ხელმოწერილი სტუდენტისა და გამგზავნი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
  • სასწავლო ხელშეკრულება (Learning agreement) – წინასწარ განსაზღვრული სასწავლო პროგრამით, დამოწმებული სტუდენტის, გამგზავნი და მიმღები უმაღლესი სასწავლებლების მიერ.
  • Erasmus + სტუდენტური ქარტია (Erasmus+ Student Charter) – რომელშიც მოცემულია სტუდენტის უფლებები და მოვალეობები მისი მობილობის პერიოდისთვის.

მობილობის პერიოდის დასასრულს:

მიმღებმა უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს სტუდენტი და გამგზავნი უნივერსიტეტი ე.წ. ნიშნების ფურცლით, დასტურად იმისა, რომ სტუდენტის მობილობის პროგრამა დასრულებულია შეთანხმებისამებრ დაგეგმილი შედეგებით.

გამგზავნმა უნივერსიტეტმა უნდა აღიაროს დამაკმაყოფილებლად დასრულებული სასწავლო შედეგები, რომლებიც მიღებული იქნა სტუდენტის მიერ მობილობის პერიოდში (სასწავლო ხელშეკრულების მიხედვით, კრედიტების (ECTS) სისტემის ან მასთან გათანაბრებული სხვა სისტემის გამოყენებით). მობილობის პერიოდი ასევე უნდა აისახოს/ჩაიწეროს დიპლომის დანართში.

იქნება თუ არა უზრუნველყოფილი ფინანსური დახმარება ან ანაზღაურებული გადასახადები?

სტუდენტები დაფინანსდებიან Erasmus+ ევროკავშირის გრანტით, გაცვლითი პროგრამის პერიოდში საჭირო სამოგზაურო და საარსებო ხარჯების დასაფარად. 

სასწავლო პერიოდში Erasmus + სტუდენტები განთავისუფლებულნი არიან სასწავლო გადასახადისგან მიმღებ უნივერსიტეტში:

  • რეგისტრაციის,
  • გამოცდების,
  • ბიბლიოთეკისა
  • ლაბორატორიების მოხმარებისთვის

 მობილობის პერიოდში უნდა იქნას შენარჩუნებული სტუდენტის ფინანსური ვალდებულებები გამგზავნი უნივერსიტეტის მიმართ.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა მიმართონ საკუთარ უნივერსიტეტებში არსებულ საერთაშორისო ურთიერთობის / Erasmus + დეპარტემენტებს, სადაც გაეცნობიან საზღვარგარეთ სწავლის საშუალებებსა და პირობებს Erasmus + ევროკავშირის გრანტის მისაღებად.

ენის ცოდნა

ცხადია, აუცილებელია იმ ენის ცოდნა, რომელზედაც მიმღებ ევროპულ უნივერსიტეტში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი (შეგახსენებთ, რომ ხშირ შემთხვევაში არაინგლისურენოვანი ქვეყნებიც მობილურ სტუდენტებს სასწავლო პროგრამებს ინგლისურ ენაზე თავაზობენ). ენის ცოდნის დადასტურებას სხვადასხვა უნივერსიტეტი განსხვავებულად ითხოვს: რიგ შემთხვევებში საკმარისია ცნობის წარდგენა გამგზავნი უნივერსიტეტიდან, რომ სტუდენტს გავლილი აქვს უცხო ენის კურსი და დაგროვილი აქვს კრედიტების გარკვეული რაოდენობა; რიგ შემთხვევებში გამგზავნ უნივერსიტეტს ევროპელი პარტნიორები თხოვენ უცხო ენაში დამატებითი გამოცდის ან გასაუბრების ჩატარებას; ხოლო ზოგი ევროპული უნივერსიტეტი ითხოვს ენის ცოდნის სპეციალური სერტიფიკატის წარდგენას (მაგ. IELTS, TOEFL, GMAT, GR, etc). აუცილებლად გაეცანით მობილობის კონკრეტული პროექტის ფარგლებში ენის ცოდნის მოთხოვნებს და გაიარეთ კონსულტაცია თქვენ უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებზე პასუხისმგებელ პირებთან.

აქვთ თუ არა ერაზმუსის პროგრამის ამჟამინდელ სტიპენდიანტებს კიდევ ერთხელ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება? 

ერაზმუსის სტიპენდია შეგიძლიათ მიიღოთ  უმაღლესი განათლების ერთ საფეხურზე მაქსიმალური ვადით - 12 თვე.  ანუ ერთ საფეხურზე შესაძლებელია ორჯერ 6-6 თვიანი მობილობის განხორციელება თუ ამას არ ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის შიდა რეგულაცია.

მობილობისათვის საჭირო საბუთები

მობილობის სხვადასხვა პროგრამა განსხვავებულ საბუთებს ითხოვს, მაგრამ როგორც წესი, ძირითადი საბუთების ჩამონათვალი მსგავსია. მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარადგინოს:

  • CV (გირჩევთ გამოიყენოთ Europass ფორმატი )
  • ცნობა სტუდენტობის შესახებ
  • ენის ფლობის სერტიფიკატი (რიგ შემთხვევებში ენის ტესტი ტარდება უნივერსიტეტში)
  • სამოტივაციო წერილი
  • უკვე გავლილი საგნების ჩამონათვალი კრედიტებისა და შეფასების მითითებით (გაიცემა უნივერსიტეტის მიერ)
  • რიგ შემთხვევებში დამატებით ითხოვენ სარეკომენდაციო წერილს პროფესორებისგან

Erasmus–ის სტიპენდიანტებისათვის 

სტიპენდიის მიღების შემდეგ კონსულტაციას ევროპის უნივერსიტეტში სწავლის პირობების შესახებ, მგზავრობის, დაბინავების, დაზღვევის და სხვა საკითხების შესახებ გაგიწევთ თქვენი მშობლიური და მასპინძელი უნივერსიტეტები. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ამ წყაროებიდანაც:

http://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/

https://www.facebook.com/ESN.Tbilisi.ISU/

ასევე გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე ევროპის ქვეყნებში და პრობლემების შემთხვევაში, საჩივრის ფორმას.