უმაღლესი განათლება

საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ტიპებს განსაზღვრავს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ. ქვეყანაში აღიარებული უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობის ცვალებადობა ასახავს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესების დინამიურობას.
საქართველოში წარმოდგენილია სამი სახის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულება (უსდ):

  • უნივერსიტეტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა);
  • სასწავლო უნივერსიტეტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას მაგისტრატურის ჩათვლით.
  • კოლეჯი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პირველი საფეხურის, ბაკალავრიატის, საგანმანათლებლო პროგრამას, ასევე, პირველი საფეხურის ფარგლებში არსებული დიპლომირებული სპეციალისტის პროგრამას.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შესაძლებელია დაფუძნდეს და დაფინანსდეს კერძო პირის ან სახელმწიფოს მიერ, თუმცა ხარისხის კრიტერიუმები იდენტურია ნებისმიერი უსდ-სათვის სამართლებლივი სტატუსის მიუხედავად.

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის აღწერა (ინგლისურენოვანი ვიდეო-რგოლი).

ამჟამად ქვეყანაში ფუნქციონირებს 62 სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამათგან 55 საერო და 7 მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სასწავლებელი. დაზუსტებული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ

გთავაზობთ უსდ-ების ჩამონათვალს ფაკულტეტების, საკონტაქტო პირებისა და PIC კოდების მითითებით.

ქვემოთ ცხრილში მოყვანილი მონაცემები მხოლოდ საერო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეხება:

 

უსდ–ები სახელმწიფო კერძო ჯამი
უნივერსიტეტი 12 20 32
სასწავლო უნივერსიტეტი 6 14 20
კოლეჯი 0 3 3
სულ 18 37 55

 

უსდ–ების 71% მდებარეობს დედაქალაქში. "აქტიური სტუდენტის" სტატუსის მქონე პირების საერთო რაოდენობა ყველა უნივერსიტეტში შეადგენს 139 953 (2020 წლის 5 მაისის მონაცემებით).


ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ასახავს აქტიური სტუდენტების გადანაწილებას უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურებზე:

 

  ბაკალავრიატი სამედიცინო განათლება მაგისტრატურა მასწავლებლის განათლება ვეტერინარის განათლება დოქტურანტურა სულ
სტუდენტთა რაოდენობა 102026 19980 13561 773 96 3517 139953 
საერთო რაოდენობის % 72.90% 14.27% 9.69% 0.55% 0.07% 2.52% 100%

 

სამსაფეხურიანი საგანმანათლებლო სისტემა საქართველოში შემოღებული იქნა 2005 წელს. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, კრედიტების სისტემა და დიპლომის დანართის გაცემა ხორციელდება სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელში.
სპეციფიური დარგების (მაგ. მედიცინა) გარდა ყველა სტუდენტი ირიცხება საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე. საბაკალავრო პროგრამა უნდა მოიცავდეს მინიმუმ 180 კრედიტს, ხოლო სამაგისტრო საფეხური 60 კრედიტს. სადოქტორო პროგრამის ხანგძლივობა მინიმუმ სამი წელია და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს არაუმეტეს 60 კრედიტს.

მას შემდეგ რაც 2005 წელს საქართველო შეუერთდა ბოლონიის პროცესს, ქვეყანაში განხორციელდა უმაღლესი განათლების სისტემის ძირეული რეფორმები.

რეფორმის პაკეტი შედგება მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციებისგან (საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ მიღებულ იქნა 2004 წლის დეკემბერში), შეიქმნა ახალი სტრუქტურები (გამოცდების ეროვნული ცენტრი,  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი - აკრედიტაციის სააგენტო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი). ასევე განხორციელდა მრავალი ინიციატივა.