პროფესიული განათლება

სისტემა

საქართველოში, პროფესიული განათლების მიზანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, სოციალური ინკლუზიის, მთელი ცხოვრების მანძილზე ინდივიდის პიროვნული და  პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

საქართველოში პროფესიული განათლების მიმწოდებლები არიან:

  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები/კოლეჯები,
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები;
  • იურიდიული პირები.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით, დაწესებულება ვალდებულია, გაიაროს ავტორიზაცია, რაც ხარისხის უზრუნველყოფის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებას გულისხმობს. ავტორიზაციის ვადა განისაზღვრება 6 წლით.​

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

 

პროგრამები

საქართველოში მრავალფეროვანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებია და ისინი ეროვნული

კვალიფიკაციების ჩარჩოს შესაბამის დონეს უკავშირდება: 

  • საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - უკავშირდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მესამე დონეს. დაშვების წინაპირობაა საბაზო განათლება (9 კლასი); პროგრამის დასრულების შემდეგ პირს წვდომა აქვს შრომის ბაზარზე;
  • საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - უკავშირდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეოთხე დონეს. დაშვების წინაპირობაა საბაზო განათლება (9 კლასი) ან სრული ზოგადი განათლება (12 კლასი). აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში შესაძლებელია ინტეგრირდეს სრული ზოგადი განათლების (10-12 კლასი) კომპონენტი;
  • უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა - უკავშირდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეხუთე დონეს. დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება (12 კლასი). პროგრამის დასრულების შემდგომ პირს შეუძლია გავიდეს შრომის ბაზარზე ან გააგრძელოს სწავლა უმაღლეს აკადემიურ პროგრამებზე.
  • მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა - უკავშირდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეხუთე დონეს. დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება (12 კლასი). აღნიშნული პროგრამა უკავშირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო ან ინტეგრირებულ პროგრამას. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ასოცირებული ხარისხი და კურსდამთავრებულს საშუალება ეძლევა სწავლა გააგრძელოს შესაბამის საბაკალავრო პროგრამაზე.
  • პროფესიული მომზადების პროგრამა - უკავშირდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 - მე-5 დონეს. პროგრამის მიზანია პირს გამოუმუშაოს კონკრეტული, პროფესიასთან დაკავშირებული უნარები.
  • პროფესიული გადამზადების პროგრამა - უკავშირდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 - მე-5 დონეს. პროგრამის მიზანია პირს, რომელიც უკვე ფლობს პროფესიას, გამოუმუშაოს ამ პროფესიასთან დაკავშირებული დამატებითი უნარები ან აუმაღლოს კვალიფიკაცია.

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია, დასაქმდეს ან/და  სწავლა განაგრძოს განათლების შემდგომ საფეხურზე. პროგრამების ხანგრძლივობა განსხვავებულია - ერთი წლიდან სამ წლამდე.

დღეს სისტემაში არსებული ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოდულურია, რაც ნიშნავს, რომ პროგრამები აგებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და ფორმირებულია დამსაქმებელთა ფართო ჩართულობით. პროგრამების მოცულობის დიდი ნაწილი ეთმობა პრაქტიკული უნარების გამომუშავებას.

 

ჩარიცხვა

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა ძირითადად ხორციელდება ორი  გზით:

  • საბაზო და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ასევე დუალურ პროგრამებზე ჩარიცხვისთვის აპლიკანტმა უნდა გაიაროს შერჩევის პროცედურა, რომელსაც საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით;
  • უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აპლიკანტმა უნდა გაიაროს სსიპ-შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირება. ასევე, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელია მოქმედებდეს შერჩევის დამატებითი ეტაპი, რომელიც ორგანიზებულია დაწესებულების მიერ.

 

​პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება. როგორც წესი ეს მოთხოვნები უკავშირდება წინარე განათლების არსებობას, თუმცა კონკრეტული პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამატებით შეიძლება დაწესდეს სხვა მოთხოვნებიც.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურების გასავლელად აუცილებელია მსურველმა/განმცხადებელმა გაიაროს რეგისტრაცია შესაბამის ვებგვერდზე www.vet.emis.ge   განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში.

 

დაფინანსება

საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა სრულიად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში კი არსებობს როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ისე თვითდაფინანსებული პროგრამებიც.

 

სტატისტიკა

დღეისათვის,  საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში შესაძლებელია 100-მდე პროფესიული კვალიფიკაციის დაუფლება, რისთვისაც ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო პროფესიული კოლეჯები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები ახორციელებენ 1100-ზე მეტ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. სისტემაში ასევე მოქმედებს 200-ზე მეტი პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომელსაც ახორციელებენ ავტორიზირებული საგანმანთლებლო დაწესებულებები და იურიდიული პირები. 

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა მუდმივად იზრდება და მისი მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

#

პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება

სახელმწიფო

კერძო

ჯამი

1

უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულება

11

4

15

2

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი

18

46

64

3

ზოგადსაგანამათლებლო დაწესებულება

0

7

7

 

ჯამი:

29

57

86

წყარო: www.eqe.ge  https://vet.ge www.emis.ge