• Share this page

ქართული უნივერსიტეტებისათვის

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც აქამდე არსებულ რამდენიმე პროგრამას აერთიანებს და მხარს უჭერს როგორც ინდივიდუალურ მობილობას სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის, ასევე ინსტიტუციურ თანამშრომლობას საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის.

Erasmus+ პროგრამის ოფიციალური ვებგვერდი პროგრამების დეტალური აღწერით:

http://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/index_en.htm

ინსტიტუციური თანამშრომლობა

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის Erasmus+ აქტივობებში მონაწილეობა შემდეგი პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი:

  • ინსტიტუციური განვითარების პროექტები (ყოფილი Tempus)
  • ჟან მონე
  • სტრატეგიული პარტნიორობა
  • ცოდნის ალიანსები
  • ერთობლივი სამაგისტრო პროგრამები
პროგრამების მოკლე მიმოხილვა მოცემულია აქ.
მიმდინარე კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ

ყველა შემთხვევაში, გარდა ჟან მონეს პროგრამისა, აუცილებელია ევროპელ პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა.

პროგრამებში მონაწილეობის უფლება აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. სხვადასხვა პროგრამაში ასევე შესაძლოა სხვა, არააკადემიური ორგანიზაციების მონაწილეობაც (არასმთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტთა კავშირები, სამინისტროები, მუნიციპალიტეტები, საწარმოები და ა.შ. – დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება ყოველი ახლად გამოცხადებული კონკურსის პირობებში).

ევროპული უნივერსიტეტებისათვის აუცილებელია უმაღლესი განათლების ერაზმუსის ქარტიის (Erasmus Charter for Higher Education/ECHE) ქონა – ქარტია არაა სავალდებულო საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, მაგრამ ისინი ქარტიაში ჩამოთვლილ პრინციპებს უნდა იზიარებდნენ.

ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების ხანგრძლივობაა 2 ან 3 წელი.

Erasmus+ პროგრამა ორიენტირებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ განვითარებაზე. სამეცნიერო პროექტების დაფინანსება და ზოგადად, თანამშრომლობა ევროპელ კოლეგებთან სამეცნიერო–კვლევით სფეროში შესაძლებელია ევროკავშირის მეორე პროგრამის ფარგლებში: Horizon 2020.

მეტი ინფორმაციისთვის Horizon 2020–ის შესახებ მიმართეთ:

ნათია გაბიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


ინდივიდუალური გრანტები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს შეუძლია ასევე ინდივიდუალურ პროგრამებში მიიღოს მონაწილეობა:

  • Erasmus+ ახალი საგრანტო კონკურსი ხელს უწყობს საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტთა ახალ პარტნიორულ ურთიერთობას. კონკურსში ჯერ განაცხადებს საქართველოს და ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტები წარადგენენ, და შემდეგ, ამ კონკურსის გამარჯვებულებს შეეძლებათ აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობის განხორციელება. გთავაზობთ Erasmus+ Credit Mobility პროგრამების არასრულ სიას, რომელიც მუდმივად განახლდება.
  • ქართველ პროფესორებს ასევე შეუძლიათ მიწვული ლექტორის სტატუსით მიიღონ გრანტი და ჩაატარონ ლექცია/სემინარები ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე. განაცხადი უნდა წარედგინოს უშუალოდ პროგრამის განმახორციელებელ ევროპულ უნივერსიტეტს. პროგრამების ჩამონათვალი იხ. აქ.

მონაწილეთა რეგისტრაცია

Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა ორგანიზაციის, მათ შორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, რეგისტრაცია მონაწილეთა პორტალზე (EACEA participant portal).

დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის ეწვიეთ: https://ec.europa.eu/education/participants/portal

ორგანიზაცია უნდა დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთხელ და რეგისტრაციის შედეგად მას მიენიჭება მონაწილეს საიდენტიფიკაციო კოდი (Participant Identification Code/PIC).

PIC –ის არსებობისას:

  • საკონკურსო განაცხადების შევსების დროს ელექტრონულ ფორმებში ორგანიზაციის მონაცემები ავტომატურად აისახება
  • მოიხსნება ორგანიზაციის დოკუმენტების გაგზავნის საჭიროება ყოველი ახალი საკონკურსო განაცხადისათვის
  • შეიქმნება საერთო მონაცემთა ბაზა ევროკავშირის სხვა საგრანტო პროგრამებისთვისაც

რა უნდა გავითვალისწინოთ:

  • თუ ორგანიზაციას უკვე აქვს საიდენტიფიკაციო კოდი PIC, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო არაა.
  • N.B. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხევავში კოდი უნდა მიენიჭოს მთლიანად დაწესებულებას, და არა მის ცალკეულ ფაკულტეტებს!
  • ორგანიზაციული ცვლილებების შემთხვევაში შესაძლებელია მონაცემების მოდიფიცირება.
  • მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ადმინისტრაციამ გამოიყოს თანამშრომელი, რომელიც იქნება იურიდიული პირის წარმომადგენელი (ე.წ. Account administrator / Legal Entity Appointed Representative (LEAR) ევროკომისიასთან ურთიერთობისას, მათ შორის სამართლებრივ საკითხებში, და ასევე ამ ორგანიზაციის პერსონალს მიაწვდის PIC ნომერს.

რეგისტრაციისათვის უნდა შეივსოს იურიდიული პირის ფორმა:

http://ec.europa.eu/budget/contracts_grants/info_contracts/legal_entities/legal_entities_en.cfm

კონკურსის პირობების მიხედვით შესაძლოა სხვა საბუთებიც გახდეს საჭირო. მათი ატვირთვა მონაწილეთა პორტალზე მოგვიანებითაც იქნება შესაძლებელი.

პარტნიორების ძიება

Erasmus+ ეროვნული ოფისი სთავაზობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დახმარებას ადგილობრივი, რეგიონული და ევროპელი პარტნიორების მოძიებაში. შეავსეთ პარტნიორთა ძიების ფორმა, რომელსაც ჩვენ გავავრცელებთ Erasmus+ ქსელში. დაინტერესების შემთხვევაში პოტენციური პარტნიორები თავად გამოგეხმაურებიან. შესაბამისად Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ამოცანაა ინფორმაციის გავრცელება და მისი ხელმისაწვდომობა ყველა შესაძლო დაინტერესებული მხარისათვის. კომუნიკაცია და თანამშრომლობა კი უკვე მომავალი პარტნიორების პასუხისმგებლობაა.

გისურვებთ წარმატებას!